დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას (ფსალმუნი 37:7).


ღმერთო, არ ვიცი, რა მჭირს. მოთმინება აღარ მაქვს. ჩემში ლავა დუღს და მუდამ მზადაა, რომ ამოხეთქოს. უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი გამოვყავარ წყობილებიდან. შეხედე იმ ქალბატონს, რომელსაც წინ ეტლი ჰყავს გაჩერებული. მას არ აქვს წარმოდგენა, რომ მე ვცდილობ როგორმე გვერდი ავუარო და ცოტა სიმინდის ნაცხვარი ავიღო დახლიდან. ის თავის ჩანთაშია თავით გადავარდნილი, რაღაცას ეძებს და როგორც ჩანს, კარგა ხანს ვერ იპოვის და ვერც კი ხვდება, რომ ამ გზაზე საცობს ქმნის. დღეს ისეთი გაღიზიანებული ვარ, ფულსაც კი გადავიხდი რომ ის აქედან გაათრიონ. ეს საშინელი აზრია. უთუოდ ის ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ ავფეთქდე. ყოველთვის დაძაბული ვარ და ყოველთვის მოუთმენელი და გულგრილი ჩემს გარშემო მყოფებთა მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იქ არიან ჩემთან ახლოს. ვიცი უფალო, ეს არ შეიძლება. ამ დროს ვინმეს ისეთ რამეს ვაკადრებ, რაც მოგვიანებით სანანებელი გამოხდება.


სადმე უნდა წავიდე და განვიტვირთო. უნდა გავიქცე აქედან. იესო, ჩემთან ერთად წამოხვალ? უკეთესი იქნება, თუ სადმე მშვიდ ადგილზე წამიყვან? გთხოვ იყავი ჩემდამი კეთილი მწყემსი და მაქციე უფრო რბილ ადამიანად. წყნარ წყლებზე წარმიძეხი უფალო, ხასხასა ველზე, სადაც სიმშვიდეა დამკვიდრებული. დამაწყნარე და მშფოთვარე სული დამიმშვიდე. დაე, ვიფიქრო შენს სიტყვაზე, როგორც ვაკეთებ კიდეც, როცა საღამო დგება და მწუხრი ჩამოწვება. ნება მომეცი დავიჩოქო და დიდი ხნის განმავლობაში ყურადღების გაფანტვის გარეშე გააზრებული ლოცვა წარმოვთქვა შენს წინაშე. უფალო, მშვიდ ეკლესიაში ყოფნა მჭირდება ან შემაღლებულ ადგილზე დგომა, საიდანაც ვუყურებ მზის ჩასვლას. მე ისეთ ადგილზე მჭირდება ყოფნა, სადაც აჩქარება არ დამჭირდება და სადაც არ არის გამაღიზიანებელი ხალხი. იქ, იმდენ ხანს უნდა დავრჩე, რამდენიც საჭიროა. დანარჩენი ყველაფერი მოიცდის. მასწავლე როგორ დაველოდო და სიმშვიდე შევინარჩუნო. გევედრები, ჩემთან ერთად იყავი ამ ლოდინში.