1 როცა ავად ხარ: უფალო იესო, მკურნალო ჩემი სულისა. მე მთელი თავმდაბლობით გთხოვ ასევე განკურნო ჩემი სხეული. შეამსუბუქე ჩემი ფიზიკური ტკივილი, განამტკიცე ჩემი რწმენა და განაქარვე ჩემი შეშფოთებული ფიქრები. მიეცით სიბრძნე ჩემს ექიმებს, თანაგრძნობა ჩემს ექთნებსა და მიეცი ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, შემეწიონ ჩემი სისუსტის ჟამს. ამინ!
2 ტრავმის შემდეგ: ძვირფასო იესო, შენი მიწიერი მსახურების დროს, მიიღე ჭრილობები და კარგად გესმის, თუ რას გრძნობს ადამიანი ასეთ მომენტებში. შენ ყველაზე დიდი ტკივილი, მაშინ გადაიტანე, როცა ჩემი ცოდვების გამო მსხვერპლი გახდი. მეც ტრავმირებული ვარ, მტკივა და სასოწარკვეთილს შვება მჭირდება. მხსნელო, შემიწყალე! მომეცი ლოდინის ძალა, ვიდრე ტკივილს შემიმსუბუქებ და განმკურნავ. წარმიძეხი შენმიერი უზრუნველყოფისკენ. იესოს სახელით ვლოცულობ, ამინ!
3 როცა ქორწინებაში სირთულეა: იესო, შენ გსურს, რომ ყველა შენი ასული და ძე აკურთხო სრულფასოვანი ქორწინებითა და მშვიდობიანი ოჯახებით. მაგრამ სამწუხაროდ ცოდვამ დაამსხვრია ეს იდეალები. შენი წყალობა იყოს ჩვენ პრობლემურ ქორწინებაზე. გვაპატიე მე და ჩემს მეუღლეს თუ რამ ზიანი მივაყენეთ ჩვენს ქორწინებას. განაახლე ჩვენი ერთგულება ერთმანეთის მიმართ. შენი სიყვარული იყოს ჩვენზე, რათა ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი. ამინ!
4 მათთვის, ვინც უშვილობას განიცდის: ზეციერო მამა, ჩემი სული უშვილობის გამო განიცდის სიცარიელეს, რომლისთვისაც მზად ვარ სიყვარულით გარემოვიცვა და საკურთხებლად შენ მოვიყვანო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვახსოვს აბრაამი და სარა (დაბადება 11:30), რომლებიც უშვილობის მიზეზით ძალიან იტანჯებოდნენ. მაგრამ შენ შეისმინე მათი ღაღადი. შენ მათი სისუსტე შენი ძალით გარდაქმენი და მიეცი ისააკი მათ. ჩვენ ახლა გევედრებით ბავშვის ჩასახვის სასწაულსა და უსაფრთხო მშობიარობას. მიუხედავად იმისა, რომ ვწუხვართ, უფალო, ჩვენ ვენდობით შენს მადლს და ვადიდებთ შენს წმინდა სახელს. ჩვენ შენი შვილები ვართ, მამაო. გაგვიხსენე შენი წყალობით და ისმინე ჩვენი ლოცვა! შენი ძის იესოს გულისთვის, ამინ!
5 სხვათა მიტევების შეწევნისთვის: ძვირფასო უფალო, შენი მადლით ნათქვამი ჭეშმარიტი და მანუგეშებელი სიტყვები შენმიერ მოწოდებული მსახურების პირით გვეუბნება: „მე გპატიობ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით!” თუმცა, შენ ასევე გვიბრძანებთ ვილოცოთ: „მოგვიტევე თანანადებნი ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა!” გმადლობთ, რომ გაგვხადე შენი თანამოაზრენი, რათა განავრცო შენი მიტევება მათზე, ვინც ჩვენდამი შეცოდებით დაგვაზიანეს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ეს ჩემთვის ადვილი არ არის. მოგვეცი იმის უნარი, რომ დავაფასოთ შენმიერ მოცემული პატიების მიღებისა და გაცემის პრივილეგია. ამინ!
6 მოთმინებისთვის: მე ისე შემოგღაღადებ ღმერთო, როგორც მეფე დავითი: „როდემდე, უფალო,… ნუთუ სამუდამოდ დამავიწყებ?” (ფსალმუნი 13:1). რა თქმა უნდა შენ არ დამივიწყებ. ჩემი სახელი შენი ხელის გულეზეა ამოტვიფრული (ესაია 49:16). მაგრამ ჩემი ეჭვები და შიშები მაიძულებენ ვიფიქრო, რომ შენ აჭიანურებ ჩემს დახსნას გასაჭირისა და ტკივილისგან. ძვირფასო მხსნელო, მომეცი რწმენა, რომ ვენდო შენს საოცარ წყალობას და ვიყო მომთმენი, ვიდრე დადგება დღე, როცა შენ მიხსნი. ამინ!
7 ღვთის ნების მორჩილებისთვის: ძვირფასო, მთელი ქმნილების ღმერთო, მომიტევე, რომ გავბედე მეფიქრა, რომ ჩემი ნება შენი ნების ტოლია და მეტიც — უკეთესი. დამეხმარე ყოველთვის მახსოვდეს, რომ შენი მცნების მოსმენა, ნდობა და მორჩილება ჩემი ერთადერთი ჭეშმარიტი სიბრძნე და უსაფრთხოებაა. დამეხმარე, რომ მზად ვიყო, გამოგყვე და ერთგულად გემსახურო. ამინ!
8 ღვთის სიტყვის ერთგულებისთვის: ძვირფასო ღმერთო, დამეხმარე, ვაღიარო პეტრესთან ერთად: „უფალო, ვისთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენ გაგაჩნია” (იოანე 6:68). მომეცი სიბრძნე შენი სულიწმიდის მეშვეობით, რომ გავარჩიო სხვაობა წუთისოფლის უგუნურებასა და შენი სიტყვის ჭეშმარიტებას შორის. ამინ!
9 შეზღუდული შესაძლებლობის შვილის მყოლი მშობლებისთვის: ზეცაში მყოფო მამა, დამეხმარე, რომ მიყვარდეს ჩემი შვილი ისეთი, როგორიც მომეცი. შენ ხშირად მალავ კურთხევებს მასში, რასაც ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უწოდებენ. დაგვეხმარე ამ კურთხევების პოვნაში ჩემს/ჩვენს შვილში, რათა ყოველდღე კვლავ და კვლავ აღმოვაჩინოთ მიზეზები იმისა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა კეთილო მამაო! ამინ!
10 უფრო მეტი რწმენისთვის: უფალო, შენ აღგვითქვი, რომ შენი სულიწმიდა ნამდვილად იმოქმედებდა სახარებისა და საიდუმლოებების მეშვეობით, რათა მაკურთხოს მორწმუნე გულის მქონე. ამიტომ, გაბედულად ვაღიარებ, რომ „მე მწამს.” მაგრამ ჩემი რწმენა ხშირად სუსტია. „დამეხმარე, დავძლიო ჩემი ურწმუნოება” (მარკოზი 9:24). გააძლიერე ჩემი სუსტი რწმენა. მომეცი ძალა განვადიდო, პატივი მივაგო და ვაკურთხო შენი წმინდა სახელი. ამინ!
11 მომნანიე გულისთვის: ძვირფასო უფალო, განაშორე ჩემი გული და გონება ყოველივე იმისგან, რაც შენ შეურაგცხყოფს. მოაქციე ჩემი სხეული და სული შენკენ და ყოველივე იმის მიმართ, რაც კარგი, მართალი, ჭეშმარიტი და წმინდაა. დაე, ვიცხოვრო ამ ჭეშმარიტი მონანიებით, რათა თავისუფლად ვისმინო და ვერწმუნო კეთილ უწყებას, რომელიც ყველა ადამიანის ხსნისთვის არის, ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. მე შენი სახელით ვლოცულობ. ამინ!
12 როცა გულგატეხილი ვარ: ძვირფასო ღმერთო, ხშირად შიში და ეჭვი ადვილად მიკარგავს ძალასა და გადაწყვეტილების უნარს. მაშინაც კი, როცა თავი ძლიერად მიმაჩნია, მაინც ძალიან სუსტი ვარ. უფალო, იყავი ჩემი ნამდვილი ძალა! ნება მომეცი შენს წყალობასა და მადლში ვიპოვო ყველაფერი ის, რაც შენთან ამამაღლებს. იყავი ჩემი გამხნევება. იესოს სახელით ვლოცულობ მე. ამინ!
13 სამუშაოს საჭიროება: უფალო, ექვსი დღის შრომით შენ შექმენი სამყარო და შემდეგ, მეშვიდე დღეს დაისვენე. შენ განათავსე ადამი და ევა ბაღში საცხოვრებლად, რათა ემუშავათ და სიხარულით აღსრულებინათ თავიანთი საქმე. ახლა გთხოვ, მომცე სასარგებლო და მომგებიანი სამუშაო. მომეცი საკმარისი შემოსავალი, რათა ვაკურთხო ჩემი ოჯახი, სამეზობლო და საქმე, რომელსაც აღასრულებ შენი სულიწმიდის მეშვეობით ეკლესიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. იესოს სახელით, ამინ!
14 მშვიდობისთვის: ძვირფასო ღმერთო, შენი სიტყვა ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება რაიმეზე დარდი, არამედ ყველაფერი ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით (გაბედულად) უნდა მოვიტანოთ შენთან და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს ჩვენს გულებსა და ფიქრებს ქრისტე იესოში (ფილიპელები 4:6-7). უფალო, მე შენში ასეთი სიმშვიდე მჭირდება, რადგან ირგვლივ ხიფათითა ვარ მოცული. უფალო, იყავი ჩემთან! იარე ჩემთან ერთად! იყავი ჩემი ძალა და იმედი! მომეცი შენი მშვიდობა! ამინ!
15 რთულ ადამიანებთან მუშაობის დასახმარებლად: ძვირფასო უფალო, დამეხმარე ვიყო მოწყალე, მიმტევებელი და მომთმენი იმ ადამიანებთან, ვისთანაც რთულია მუშაობა. დაეხმარე მათ, ვისთანაც მუშაობა მიჭირს, რათა კეთილგანწყობილი იყვნენ ჩემდამი. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, შენ კი მომთმენი და მოსიყვარულე ჩვენდამი. დაგვეხმარე ყველას ვიყოთ თავმდაბლები და ვიყოთ მადლიერნი შენი მადლისა და წყალობისთვის. ამინ!
16 ფსიქიკური დაავადების მქონეთათვის: უფალო ღმერთო, ჩემი აზრები, გრძნობები და იდეები ხანდახან დიდად მაშფოთებენ. ყოველთვის ვერ ვამბობ, არასწორი ვარ თუ მართალი ჩემს აზროვნებაში. ეს მდგომარეობა დაუცველსა და შეშინებულს მამყოფებს. მაგრამ შენ გიყვარვარ და გინდა ამ საჭიროების ჟამს დამეხმარო. შემეწიე, შენი მადლითა და წყალობით! მადლობა, რომ იესო ქრისტეს გულისთვის ჩემი მოყვარული და ერთგული რჩები! მის სიყვარულს ვერაფერი დამაშორებს! დამიფარე, უფალო, რადგან შეგიძლია და რადგან ესაა შენი ნება. ამინ!
17 როცა თვითმკვლელობის მცდელობის ცდუნებაა: ძვირფასო ღმერთო, შენ შემქმენი მე და სიცოცხლე ჩემი. შენით, შენს ხატადაა ქმნილი ჩემი სხეული და სული. მე შენ გეკუთვნი და გიყვარვარ მე. შენ გამომისყიდე მე ყოველგვარი ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკის ძალისგან. გთხოვთ დამეხმარო, როცა ჩემი სიცოცხლის დასრულების ფიქრებს ვებრძვი. წარმართე ჩემი აზროვნება და დამეხმარე. დაიცავი ჩემი სიცოცხლე. მე ამას გთხოვ იესოს ძვირფასი სახელით. ამინ!
18 ოპერაციამდე: გმადლობ, უფალო, იმ სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც უზრუნველყავი ჩემი ექიმების, ექთნებისა და სხვათა მეშვეობით, ვინც ზრუნავს ჩემზე. ნება მომეცი ვიყო კარგი პაციენტი. დამეხმარე ამ ოპერაციასა და გამოჯანმრთელებაში. ყველაზე მეტად, გევედრები, მომცე სული შენი, რათა, როგორც შენმა შვილმა ისე ვიცოცხლო. ახლა კი შენს სათუთ ზრუნვაში მოვისვენებ. ამინ!
19 უძილობისთვის: უფალო, მე მინდა დავიძინო! ვინაიდან მჭირდება სხეულის, გონებისა და სულის განახლება! დამეხმარე შენს ხელთ გადმოგცე ყველა საზრუნავი, რაც მაშინებს და მაწუხებს. შენ შთააგონე მეფე დავითს, რომ დაეწერა: „მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ” (ფსალმუნი 4:8). გთხოვ, უფალო, ისე დამაძინე, როგორც დავითი! ამინ!
20 გადასახადების გადახდის დახმარებისთვის: უფალო, შენ მოგვიწოდებ, ფრთხილად ვიყოთ ყოველივეში, რაც მოგვეცი. მე ნამდვილად მინდა ჩემი ფინანსების კარგად მართვა. მომეცი საჭირო რესურსი და შემოსავალი, რომელიც გადასახადებისთვის, ოჯახზე ზრუნვისთვის და გაჭირვებულთა დასახმარებლად იქნება საკმარი. დაე, მეც შემეძლოს მოგიტანო სამადლობელი შესაწირავი, როდესაც თაყვანს გცემ. იესოს სახელით ვლოცულობ. ამინ!